Showing posts with label შემომელექსა. Show all posts
Showing posts with label შემომელექსა. Show all posts

Friday, January 23, 2009

მელაპარაკე...

წარსულში ვიქექებოდი და ძველი ემოციების აღდგენას ვცდილობდი
ცოტა გამომივიდა
შემომახსენდა
რას რატომ როგორ და რისთვის ვწერდი
ვწერდი არა
გავიცდიდი
მაშინაც ვიცოდი, რომ ყველაფერი გავლადი იყო
მაგრამ
მაინც იმაზე მეტად გაუვლია იმას რის გავლაშიც ეჭვი მეპარებოდა, ვიდრე იმას, რის გავლასაც ყოველწამობრივად ველოდი....
ჰხოდა რამდენიმე კი არა და 2 ლექსი
ორი წლის წინანდელი ემოციებიდან......

გიორგი ზანგური
:)


უძრაობა ქალაქში,
უძრაობა სრულიად.................
ირგვლივ ყველას თვალები
გახდომია უაზრო
იქნებ მე ამ წვიმაში
გზა რომ დანისნულია
შენი ნახვა მოვასწრო......
შენი კოცნა მოვასწრო.....................
მთელი ჩემი ცხოვრება სველი სინანულია
მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფა
და ღრუბლებიც, გარშემო მერცხლები რომ უვლიან
შენი ქარით გაქრება.............
შენი სუნთქვით გაქრება..........
მარტოობა ოთახში
მარტოობა რთულია
რაღაც ნისლის მაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან
ეგ თვალები დამჭრიდა.........
ეგ ღიმილი დამჭრიდა...........
უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია
შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ.
მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია
იცი რა ლამაზი ხარ..........
იცი რა ლამაზი ხარ..................
ლამპიონი-ჩემსავით მასაც მოუწყენია,
თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას, მთვრალი ლოთივით
ჩამქრალია იმედია მისი ნატვრა- ნათურა
შენი-ცა მოლოდინით
შენი ზღვა-მოლოდინით...........
მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია
თავი მოსჭრეს აისს და მზე გაგორდა ბურთივით
კარგო, ისე მიყვარხარ,
კოცნა ისე მწყურია
მაგ თვალებმა რა იცის..........
მაგ ტუჩებმა რა იცის..........
უძრაობა ქალაქში,
უძრაობა სრულიად.................
ირგვლივ ყველას თვალები
გახდომია უაზრო
იქნებ მე ამ წვიმაში
გზა რომდ ანისნულია
შენი ნახვა მოვასწრო......
შენი ნახვა მოვასწრო..........
შენი ნახვა მოვასწრო............
შენი ნახვა მოვასწრო.............
დუდუნ-დუდუნ, დუდუნ-დუდუნ დუდუნიით
შენს ფიქრებში გავახვიე თუთინი
ნუგეშ-ნუგეშ, ნუგეშ-ნუგეშ ნუგეშით
კვამლი იდგა მატარებლის კუპეში................
რადგან-რადგან, რადგან-რადგან რადგანაც
შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც
ჩქარი-ჩქარი, ჩქარი-ჩქარი, ჩქარია
ამ სუსლწრაფი ვაგონების არია.........................


და ესეც.......:)


იყიდება ჩემი წილი ძილი
უხეირი ერთი ლექსის შექმნად,
გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი
თუ იპოვნეთ იქნებ ერთად შეკრათ...............
წინსწარ გიხდით მადლობას...........
თუ თქვენ აპირებთ დათრობას
ქართული ადათ-წესით
სასწრაფოდ ყანწი შესვით................
ვცვლი ფერად სიზმრებს
საინტერესო ოცნებაში
ვამზადებ თურქებს, არაბებს, მონღოლებსა და სპარსებს
ოთხ ენაში:
ქართულში.......
ქართულში......
ქართულში..........
ქართულში........
ვარ გამოცდილი მეზღაპრე
შევიძენ ფანტასტიურ ამბებს დევებზე, ჯადოქრებსა და რაინდებზე.........
ვარჩენ იმეგაცრუებას,
ვხსნი დაბღვერილ წარბებს,
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა სიყვარული
წაბლისფერი თმებით, ლურჯი თვალებით,
ტანთ ეცვა უთვალავფერი აპრილი...........
ის დილით გავიდა სულის ოთახიდან
ოდნავ გულნატკენი და მზერა დახრილი
მადლობას უთვლის კოჯრის ტყე
ყვავილებს დროულად მოსვლისთვის,
მადლობას უხდიან ჩიტები ინდოეთს
ბულბული მგოსნისთვის..........
ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ
უდროოდ გარდაიცვალა პაემანი...
ორი წყვილის ერთად დაგვიანებით
და შადრევნის უწყლოდ დაზიანებისათვის.........
იყიდება ყველაფერი ის, რასაც ხვდება შუქი ოქროს მზის
შევისყიდი წელიწადის ყველა დროს,
რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს....
დამეკარგა ქარში ქალის თმა
თქვენთვის მინდა ყველა ამის თქმა..........
გაიხედეთ გარეთ................
ისევ წვიმს
და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს
გადაგღალათ პრესამ?
გადაკეცეთ ქუდად
ან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი..........
დღეს გაზეთის მტერდი ისე ცუდად
რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი
და
დაეცა მიწას
ვით ფოთოლი ხმელი
უფერო.....
უსულო განცხადების მთქმელი.........






ეს კი კიკი დიმულა
დღევანდელი ემოციებიდან......
თუ
უემოციობიდან
:)




მელაპარაკე.
თქვი რამე, რაც გინდა.
ნუ დადგები ოღონდაც გულქვა არმყოფობასავით.
ამოირჩიე რაიმე სიტყვა,
ყველაზე მჭიდროდ რომ გკრავს ბუნდოვანებით.

თქვი:
”უსამართლოდ”,
”ხე”,
”შიშველი”.
თქვი:
”ვნახოთ”,
”განუზომელი”
”სიმძიმე”.
რამდენი სიტყვა ოცნებობს გააჟღერო მათი მოკლე, მყიფე სიცოცხლე.

მელაპარაკე.
რამხელა ზღვაა ჩვენს წინ
იქ, სადაც ჩვენ ვმთავრდებით,
იწყება ზღვა.
თქვი რამე.
თქვი ”ტალღა”- ის არასდროს დგას.
თქვი ”ნავი” - ის იძირება
თუ გადატვირთავ ზედმეტი ზრახვით.
თქვი ”წამი”- საშველად გვიხმობს, გვეუბნება, რომ იხრჩობა,
ნუ გადაარჩენ,
თქვი
”ვერ გავიგე”.

მელაპარაკე.
სიტყვებს მტრობა აქვთ ერთმანეთთან.
ანტაგონიზმი.
თუკი ერთ-ერთი მაინც შეგიპყრობს,
მეორე გათავისუფლებს.
გადმოათრიე ღამიდან ერთი სიტყვა
ბედისაკენ.
მთლიანი ღამე.
თუმცა, ნუ ამბობ: ”მთლიანი”,
თქვი ”ცოტაოდენი”
და ეს შენ წასვლის უფლებას გაძლევს.
ცოტაოდენი
შეგრძნება,
ხოლო
სევდა
მთლიანი
ჩემია.
მთელი ღამე.

მელაპარაკე.
თქვი:” ვარსკვლავი” - ის ქრება.
არც იზღუდება ეს სიჩუმე ერთი ნათქვამით.
თქვი: ”ქვა”-
უტეხი სიტყვა........





:):):)



ჰხოჰხოჰხო
მელაპარაკე...... ჩუმად მოგისმენ... მელაპარაკე......

Friday, December 26, 2008

რექვიემი ცოცხლებისათვის

რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა გზას ვუკვალავდით მზეს ცივი სახლისკენ?


ჩვენი სიმართლე შეირყა.
ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრად გადაიღებეს თმები.
ჩვენი ბავშვობის საწოლები 
უკაცრიელ ქუჩებში დაწვეს
შემცივნულმა ჯარისკაცებმა,
ხოლო სამშობლო გარდაცვლილ მამას ჩავაყოლეთ გულისჯიბეში,
როგორც ძვირფასი ნივთი.
მამა გიჟი იყო.

მე ვიჯექი უცხო ქალაქის ცივ კაფეში.
მეზობელი მაგიდიდან გადმომაწოდეს 
გაკრული ხელით ნაწერი ლექსი,
მე კი მუნჯური ჟესტებით და მიმიკებით ავუხსენი,
რომ მათი ენა უცხოა ჩემთვის.
კაფეს კუთხეში მარტოდმარტო იჯდა ბიჭუნა,
დამცინავად მიყურებდნენ მისი თვალები.




რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ქურდულად გადავძვერით 
მავთულხლართებზე
და შევიპარეთ აკრძალულ მინდორში,
რათა მოგვეწყვიტა ორი-სამი თბილი ყვავილი
ისე, ყოველი შემთხვევისთვის.


მე ვიდექი უცხო ქალაქის მდინარესთან,
ზემოთ კი, ხიდის მოაჯირზე, იდგა ბიჭუნა
და სულ ტყუილად ავძახოდი: არ გაბედო, ცურვა არ იცი... 
ის ჩაეხეთქა მღვრიე წყალში
და რატომღაც წყალს არ დასცდა არცერთი შხეფი;
და მერე დიდხანს სულ ტყუილად გავყურებდი 
მდორე დინებას




რა დავაშავეთ ჩვენ, 
როცა კოცნისას ვერ მოვთოკეთ სიყვარული

და თვითმკვლელობა დავანებეთ.

ხოლო ცოდვა მაშინ ვიგრძენით,

როცა უაზროდ დავყურებდით
თეთრ ზეწარზე
მოწყვეტილი ყვავილების ყუნწებივით 
მიყრილ სუსტ ფეხებს
და მკვდრის ღიად დარჩენილი თვალივით შეხსნილ
საშოს, ჯოჯოხეთს.

მე ვიწექი უცხო ქალაქის სასტუმროში
და ვფიქრობდი მეგობარზე, რომლსაც დავცინეთ.
კვამლით გაბუღულ ბნელ დარბაზში 
ის ქვითინით კითხულობდა
საყვარელი ქალისადმი მიძღვნილ სტრიქონებს,
ჩვენ კი ვისხედით ბოლო რიგში და სიცილით ვიგუდებოდით.
როცა ის მოკვდა, მეგობარი,
ის მოკვდა და მეტი არავინ.





რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ყველაფერს ვიჯერებდით, 
რასაც ვერ ვგრძნობდით?


ჩვენ ვიჯერებდით ყველაფერს,
რასაც არ ქონდა სუნი, რასაც არ ქონდა გემო,
რასაც არ ერქვა სამშობლო,
და ზამთარ-ზაფხულ უნაყოფო ხეს ვარხევდით,
ვარხევდით,
ვარხევდით,
და ვაშლი რაა, ხეს ერთხელაც არ დაცვივდა მკვდარი ჩიტები.

რა დავაშავეთ? ჩვენ ხომ მხოლოდ თავს ვიტყუებდით,
როცა ცხოვრებას ვიწუნებდით;

შესაძლოა, ჩვენ არ გვქონდა ცუდი მიზნები.
შესაძლოა, ჩვენ ვფიქრობდით დიდებაზეც,
რათა მისი ბრჭყვიალა მტვერი
დიდსულოვნად დაგვებერტყა სამშობლოს მხრებზეც,
ოღონდ შემდეგ, რა თქმა უნდა, სიკვდილის შემდეგ.



ადამიანი შეიძლება იყოს ბოროტიც, სულ ეს იყო, რაც დაგვასწავლეს
და გამოგვისტუმრეს აქეთ, ცხოვრებაში,
რომელიც ისეთი ძნელიც არ გამოდგა, როგორც გვაფრთხოლებდნენ,
არც ისე ადვილი, თვითონ რომ გვეგონა.


ადამიანი შეიძლება იყოს კეთილიც, ვუთხარი ჩემს შვილს
და გაკვირვებით რომ შემხედა, თვალი ჩავუკარი.
ადამიანი შეიძლება, გავუმეორე, შეიძლება ადამიანი.




რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა ყიჟინით შევუერთდით აჩრდილ-მეომრებს,
რომლებმაც ყველას დაგვირიგეს თითო მაშხალა
და მთელი ღამე ჩაგვძახოდნენ უცნაურ სიტყვებს –
სამშობლოს მიაჩნია,
სამშობლო ვარაუდობს,
სამშობლოს ესმის...
მთელი ღამე გუგუნებდა მიკროფონი,
ტორტმანებდა მოედანი
და კედლები იბზარებოდა.

ნ გამარჯვება ან სიკვდილი, 
ღნაოდნენ ჩვილები
სამშობიაროს დაგმანული ფანჯრებიდან
და ექოდ ჭექდა დერეფნებში:
სიკვდილი, სიკვდილი...





რატომ, ვკითხულიბდი
უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში,
რატომ
ასეთი უკიდურესობები,
ხომ შეიძლება იყოს ორივე,
ხან სამოთხე,
ხან ჯოჯოხეთი,
ვკითხულობდი
უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში,
სადაც იდგა პატარა კუბო
და მე ვხვდებოდი, ვინ იწვა მასში.

ნუთუ მე მხოლოდ ჯოჯოხეთი დავიმსახურე?

მითუფრო ნუთუ მხოლოდ სამოთხე?

რატომ, ვკითხულობდი, ასეთი უკიდურესობები,
ხომ შეიძლება იყოს ორივე,
ხან სიცოცხლე,
ხან კი სიკვდილი,
ვკითხულობდი
უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში;
სამწუხაროდ, არ ვიცოდი არცერთი ლოცვა
და ხატებზეც, სამწუხაროდ, ვერავის ვცნობდი,
კუბოში კი სხვის მაგიერ იწვა ბიჭუნა,
შესაძლოა, ჩემს მაგიერ... რა საწყენია.…





რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა შიშით შევცინოდით ბებერ მეფეებს
და ვარწმუნებდით, რომ იღბლიან ვარსკვავზე გაჩნდნენ,
ვახსენებდით, თუ როგორი მშვენიერი იყო ცხოვრება:
მათი ვაჟები-ვამპირები გმირულად მოკვდნენ,
ქალიშვილები დროულად გაბოზდნენ,
მათი ბიზნესი – ჰოსპიტალი ღია ცის ქვეშ
და იჯარით აღებული სასაფლაო –
აყვავდა და გაიფურჩქნა; მათი თითები
ახლაც კი, მიხრწნილ სიბერეში, ფულზე სწრაფად ითვლიდნენ 
წამებს.

ღირსეული, დაფეხვილი მეფეები...
ნელთბილ წყალში ჩაეყარათ ხმელი ფეხები
და ბუზღუნებდნენ,
როცა ჩაზრდილ დრჩხილებს ვჭრიდით ხელისკანკალით.




უცხო ქალაქის სასაფლაო, უცხო ხალხი; მეც იქ ვიდექი,
ფეხისწვერებზე ვიწეოდი, რომ ერთხელაც მომეკრა თვალი
მკვდარი ბიჭისთვის, ვიდრე კუბოს დახუფავდნენ, და დამენახა
მისი ჩემი დედაჩვენიც –
გვამის თეთრი საყელოდან მონაბერი სიკვდილის ქარი
როცა სახიდან წამოხდიდა შავ თავსაფარს,
თუ წამოხდიდა...




რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა მზისაკენ ჩვენს ცივ გულებს გზას ვუკვალავდით?


ჩვენი სიმართლე შეირყა.
ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრად გადაიღებეს თმები.
ჩვენი ბავშვობის ნაწერები
მებალზამე ქალს მივეცით
გარდაცვლილის ჭრილობების ამოსავსებად,
გარდაცვლილი – გიჟი იყო, და სამშობლო ჩავაყოლეთ გულისჯიბეში,
მაგრამ დედამ ამის მერეც არ მოიშალა
ღამღამობით ოთახებში ბორიალი
და ბუტბუტი:

ნუ ინგრევა ჩემი სახლი, ნუ ინგრევა, ნუ ინგრევა...

რა დავაშავეთ ჩვენ,
ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერც გავლოთდით,
ვერც დავიხოცეთ?

ზვიად რატიანი....

უბლოგისკომენტაროდ

Friday, December 12, 2008

ლურჯა ცხენები


დღეს თვალის გახელიდან

ამომაჩემკვიატა

გალაკტიონის 

ყველაზეყველაზეყველაზე

ლექსი

ყველაზე!!!

ჩემ

თვის.....

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, 
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში! 

არ ჩანდა შენაპირი,ვერ ვნახე ვერაფერი, 
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე. 

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში 
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა! 

ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში, 
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია. 

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით 
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან! 

სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით 
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან! 

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება: 
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში; 

გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება, 
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში. 

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი

ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები! 

ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია! 
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები! 

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს? 
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს? 

ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში, 
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს! 

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა: 
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება! 

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით 
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება. 

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში, 
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები, 

როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, 
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

დღეს, როგორც არა ს დრო ს

ისე.........


Thursday, November 27, 2008

დაკარგვის ხელოვნება


სხვისი ნაფიქრალნააზრევ-წარმოთქმულ-ვერთქმულ-წარმოსათმელი რატომ მოსწონს ადამიანს? იმიტომ რომ სხვაში საკუთარ თავს ხედავს? და ყველა ადამიანი ხომ ეგოისტია, თუმცა როგორ გინდა იყო უ ეგო ისტო, როცა სხვა არაფერი გაგაჩნია საკუთარი ტავის გარდა.... კი არა და რაც უფრო ბევრი ”მე” ხარ, მით უფრო ბევრ საერთოს ხედავ სხვებთან ალბათ

აი თუნდაც...
ჩემმა 1-1-1-1--1-1--1-1-1-1- მა
მე-მ
აღმოაჩინა, რომ
ისევე ფიქრობს, როგორც
ვინმე
ელიზაბეთ ბიშოპი...



ფლობდე დაკარგვის ხელოვნებას, - არ მეგულება
რთულ საქმედ, რადგან თავად ფლობა არის შემცველი
დაკარგვის ცნების; ეს არ არის უბედურება.

ყოველდღიურად კარგე რამე, ნელა, უვნებლად -
უბრალოდ - დრო, ან გასაღები; ნუ მიეცემი
წუხილს; ამაზე მარტივი რამ არ მეგულება.

განაგრძე კარგვა უფრო სწრაფად, მოხერხებულად:
ადგილების და სახელების, მათი შემცვლელი
ოცნებებისაც. ეს არ არის უბედურება.

დედის საათი დამეკარგა, ნახე, თუ გნებავს -
ძვირფასი სახლის დაკარგვაც რა მშვიდად შევძელი!
უფრო მარტივი ხელოვნება არ მეგულება.

ორი ქალაქი დამეკარგა და დაბრუნება
არ უწერია ერთ კონტინენტს, ვეღარ შევცქერი
ჩემს ორ მდინარეს. არც ეს არის უბედურება.

შენც რომ დაგკარგო (ეგ ღიმილი, ასე რომ მიყვარს!)
ვერ მოგატყუებ, პირფერივით ვერ მოგექცევი;
უფრო მარტივი ხელოვნება არ მეგულება,
თუმცა... (ამოვთქვამ!) ეს იქნება უბედურება..............

Monday, November 17, 2008


მარტივად...
ყოველვის სხვები აკეთებენ ჩემს გასაკეთებელს...
ყოველთვის...
ან არა
ყველა თავის გასაკეთებელს აკეთებს
და
ჩემი გასაკეთებელი აღარაფერი რჩება
არ ვიცი...
ვმაყურებლობ
ვკითხულობ
ვაფასებს
და
მერე ვიმეორებ
კი არა და
ვიცოდნისდედებ...
ზოგჯერ
ვიცოდნისბებიებ კიდეც.....


პროფესია - დამკვირვებელი............


აი ახლაც
ჩემი სათქმელი გიორგი კეკელიძეს
უთქვამს...
უკვე..
თურმე


ქატო აქაა.
ჩვენ ბოლოდან ვითვლით ნაბიჯებს
და
სადღაც იქით,
სათავესთან ვიტყვით, რომ – იყო
და არა
სევდა, რომლის გამოც ანთხიეს ცრემლი
და არა ლხინი, სადაც მეტი ღვინო ანთხიეს,
არამედ ასე:
აცდენილი გზების იქით მკვდარი მიპოვე,
მერე დამიგდე ყური
ყურზე და ერთმანეთს
ასე ვუსმენდით,
რომ ზამთრის
ჩალით გადახურულ
სახლში ვიწექი
და მხოლოდ ღამით ვცოცხლდებოდი, როცა გეძინა.
რომ გარეთ ერთი ამინდიღა – სოფელი იდგა
და რომ გასრესილ ყვითელ ბაყაყს
სულის ნაცვლად ღრუბლის ფთილა ამოდიოდა
და მზის საკენკით ივსებოდა ეზოში ორმო..
ჰო, ასე იყო, რიგრიგობით ვუთევდით ერთურთს,
სანამ ერთ დილას
ძილმა ჩემგან წაგართვა თავი.

Sunday, May 18, 2008


ჩააქრე შუქი. ჩემს ძარღვიან ხელებს დააკვირდი


დაღლილი ქუჩა. დაღლილი მანქანები


ურთიერთობა ეგვიპტელების პირამიდაა.


ყველა იმ სურვილს რომელსაც მე და შენ


ოდესმე ჩვენი სხეულიდან ვასახლებდით


კაფეში მოგიტანს გამყიდველი,


მოგიტანს ლანგარზე დადებულ სევდას.


როდესაც ზიხარ და უბრალოდ ზიხარ დაუბრალოდ იღიმები.


უამრავი იდეა სიკვდილს გავს.



ზემოდან ქალაქები ჭადრაკის დაფას გვანან.

ადამიანები აკეთებენ მორიგ სვლას...

ზემოდან დედამიწა ერთი დიდი ტაძარია.

ადამიანები ლოცულობენ ან ლოცულობენ არ...

ამ ტაძარში ადამიანები ჭორაობენ ერთმანეთზე, სექსზე,

იტყუებიანდა ინანიებენ ცოდვებს...

მე შიშველი შევდივარ ზოგჯერ ამ ტაძარში.

ჩემს სიშიშვლეს ამჩნევენ ან ამჩნევენ ვერ...

ჩვენ ყველანი ერთმანეში განვზავდებითდა ვიქცევით ერთ დიდ გლობალურ ადამიანად…გლობალური ადამიანის ნერვული სისტემა ჩვენი სისხლით იმღვრევა და

ჩვენ ვკარგავთ სახელებს...

ტაძრის გუმბათში კი კეთილი ღმერთია,


რომელიც გვიმზერს...

სიტყვებს გიგზავნი


"სიტყვებს გიგზავნი, საშენფერო ფორმა მიეცი, შეკვეც-შეკუმშედა რუბიკის კუბიკივით ხმებად ააწყე.


გიგზავნი სიტყვებს:


ფერება,


შეხება,


სხივი და...


დანარჩენი შენით შეავსე........"


დედა


მე დედა მყავს ფუნთუშების გამყიდველი.


ფულს აგროვებს – ჩემი სიხარული უნდა რომ იყიდოს.....


დედა დამისხამს გაბზარულ ჭიქაში ბინდისფერ ჩაის და თავის ცრემლებს თან ჩააყოლებს.


და ამ ჭიქიდან ამოიზრდება სევდის ტოტები.


აყვავდება სისხლისფრად ასკილი.


მე დედა მყავს და ხომ შეიძლება ის ყველას ჰყავდეს – სადღაც შეჩერებულო, დაღლილო უფალო?"


ანგელოზების პოლიტიკა


"ანგელოზებს დიდი და ფაფუკი ფრთები აქვთ

მაგრამ იცი,შენ ხედავ,რომ ის ანგელოზია

მაშინ როცა ზურგს შეგაქცევს

როცა უკვე გვიანია



ესაა ანგელოზების პოლიტიკა"