Tuesday, April 15, 2014

:)

 დედამიწაზე რამდენი მწერალიც არსებობს ალბათ იმდენი ტიპის წიგნი მოიპოვება, მაგრამ დღეს უეცრად ჩემმა წაკითხულმა წიგნებმა ერთმანეთს წესრიგისკენ მოუწოდეს და რამდენიმე ჯგუფში გადანაწილდნენ

ჯგუფი N1:

წიგნები, რომელთა გადაშლისთანავე უეცრად ამ წიგნში აღმოჩნდები და შენც ერთ-ერთი პერსონაჟი ხარ, დროსა და სივრცეში მოგზაურობ და ყველგან ხარ, გარდა იმისა, სადაც რეალურად ხარ ( მაგ: "სოფის სამყარო", "ჰობიტი")


ჯგუფი N2

წიგნები, რომელთა გადაშლისთანავე სიუჟეტი სიტყვებად წიგნიდან ამოდის და თავს გეხვევა და გბოჭავს, იმ ადგილზე გტოვებს გაქვავებულს, სადაც კითხვა დაიწყე და მედიტაციის პროცესში გამყოფებს წიგნის სრულ ამოწურვამდე 
(მაგ: "უიმედოთა ქალაქი", "უძილობა"...)

ჯგუფი N3

წიგნები, რომლებიც წიგნი კი არა, შენი ფიქრებია.. წიგნს კი არ კითხულობ, უბრალოდ ფიქრობ... როგორც წესი, ასეთი წიგნიფიქრები თუ წაკითხვაფიქრისთანავე არ დაასრულე, მერე მიბრუნება რთულია, როგორც შეწყვეტილი ფიქრების  შუიდან გაგრძელება.... (მაგ:"მისტერიები", "ჯადოსნური მთა"....)

ჯგუფი N4

წიგნები, რომლებიც შენზეა... მნიშვნელობა არ აქვს ეს "შენ" წიგნში ქალია, კაცი, ცხოველი თუ ფრინველი... უბრალოდ შენზეა... და "შენ" ამ შენს ისტორიას ისმენ/კითხულობ სხვისგან მოთხრობილს და გიკვირს რომ ვიღაც სხვა ასე კარგად გიცნობს ან არ გიცნობს...  (მაგ: "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე", "უცხო".....)

ჯგუფი N5

წიგნები, რომლებსაც კითხულობ და გრძნობ, რომ ძალიან მოგწონს ან ძალიან არ მოგწონს... გამხიარულებს, გაკეთილშობილებს, ნერვებს გიშლის, გატირებს, გაბრაზებს, დროს გაკარგვინებს... მოკლედ, იძულებულს გხდის მასზე იფიქრო და რაღაც დამოკიდებულება შეიქმნა, ცუდი/კარგი მნიშვნელობა არ აქვს......... (მაგ: "დეიდა ხულიოთი დაწყებული "99 ფრანკით დამთავრებული)

და  ბოლოს წიგნები, რომლებიც ვერანაირ ჯგუფში ვერ თავსდებიან თავიანი რაოდენობიდან და შინაარსიდან გამომდინარე.... წიგნები, რომლებიც მილიარდობით არიან და რომლებსაც თავაუღებლივ კითხულობ ბოლომდე ან პირველივე გვერდის წაკითხვისთანავე გბეზრდებიან და გვერდით აგდებ... წიგნები, რომელთა არც სახელი გამახსოვრდება, არც ავტორი, არც პირველი და მეასე ხარისხოვანი პერსონაჟი... წიგნები, რომლებიც არ გახსოვს სად შეიძინე ან ვინ გაჩუქა ან სად კითხულობდი, ან კითხულობდი თუ არა, ან როგორ დასრულდა,  ან როგორ დაიწყო, 

მაგრამ ყოველ დღეს, თითქმის ყოველ საათს და ყოველ წუთს, ჩვეულებრივ ბანალურ, არაფრით გამორჩეულ წუთს თუ იმ მომენტში, რომელიც არასდროს დაგავიწყდება, თავს გახსენებენ პატარა ფრაზებად თუ უმცირეს ამონარიდებად  და შენ ასეთ წუთებში წამით ჩერდები, თითქოს რაღაცის გახსენება გინდა, თითქოს სუნსაც გრძნობ იმ ფრაზების რასაც კითხულობდი  და მერე  ამბობ : " აუუ, აი ერთ წიგნში, არ მახსოვს რა ერქვა და რა ხდებოდა, მაგრამ იქ იყო ზუსტად ასეთი შემთხვევა, რომ............."


უკვალოდ არაფერი ქრება

არც წიგნი
არც სიტყვა
და არც მალაიზიის თვითმფრინავი თავისი მგზავრებით :)