Tuesday, December 17, 2013

ეწრწ

მიყვარს დეკემბერი..
არა, ნოემბერიც მიყვარს, აგვისტოც, თებერვალიც და მარტიც და მაისი ხომ მიყვარს და მიყვარს, მაგრამ დეკემბერი რამდენიმე მიზეზის გამო გამოვყავ-გამოვაცალკევე

პირველი იმიტომ, რომ ახლა დეკემბერია და ივლისი მიყვარს მეთქი რომ დამეწერა, არადამაჯერებელბლური იქნებოდა..

მეორე იმიტომ, რომ გინდათ თუ არ გინდათ, წელსაც დეკემბრის ბოლოს მოდის ახალი წელი და მთელი თვე გულის თუ სულის კუთხე-კუნჭულებში სულ გახსენდება, რომ მოვა.. აბა სად წავა... მოვა და მოიტანს....

და მესამე  -  დეკემბერში განსაკუთრებით მისი შემჯამებლური ბუნება-ხასიათი მიყვარს :)

ახლა არ იკითხოთ, ეს რა არისო...
კაი, თუ მაინც იკითხავთ, მაშინ გიპასუხებთ: რა არის და ეს არის "საუკეთესო" :)
ჰხო, საუკეთესო..
"წლის საუკეთესო ფოტოები"
"წლის საუკეტესო მომენტები"
"წლის საუკეთესო სიმღერები"
ფილმები
ანიმაციები
ნახატები
რეკლამა
იუმორი
ესა
ისა...
მიყვარს ყველაფერი საუკეთესო
ანუ
ადამიანი ვარ :)

ჰხო, გაგიკვირდებათ და.. ადამიანი ვარ.. რომელსაც, უყვარს "საუკეთესო" აბა თუ იცით რატომ? იმიტომ, რომ საუკეთესო სხვებისგან გამორჩეულს  ნიშნავს, განსხვავებულს.. როგორც ნაცრისფერში მწუანეს, როგორც უდაბნოში ხეს და როგორც კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა რომ შეიძლება და მე რომ მეზარება მოფიქრება, იმას :) :)და გამორჩეული რატომღა გვიყვარს? იმიტომ რომ ერთ დღესაც თუ ღამესაც, რომ დაჯდები და დაფიქრდები, ნეტავ 2012 წლის 17 დეკემბერს ამ დროს რა ხდებოდაო და გაიხსენებ რაც ხდებოდა, ის გაგახსენდება, რაც ყველაზე გამორჩეული იყო ამ დღეს.. ისეთი გამორჩეული, რომ შენი მეხსიერების ხვეულებში აღიბეჭდა და აგერ უკვე ერთი წლის მერეც გახსოვს, რაც იმას ნიშნავს რომ ორი წლის მერეც გეხსომება, ათისაც ანუ სამუდამოდ...

ზოგჯერ არ ფიქრობთ, რომ ადამიანი დედამიწის მაკეტის საფუძველზეა შექმნილი? ზოგჯერ.. ყოველთვის კი არა...
მერე რა რომ დედამიწა მრგვალია და ადამიანი მრავალწახნაგოვანი...
სამაგიეროდ, ერთს მზე ჰყავს და მეორეს გული
დილით, თვალებს ახელ ანუ თენდები და მზე ამოდის და გულიც იწყებს ბაგა-ბუგს და ყოველ დილით მთელი დღე ანუ მთელი ცხოვრება წინაა და გულით გჯერა, რომ დღეს.. აი სწორედ დღეს იქნება, ის რაც იქნება , ანუ სულ მზე და სულ გული და მერე ამ ფიქრებში მზეც ჩადის და გულიც მშვიდდება და მერე ფორიაქდება და შავი ღრუბელივით სევდამაც იცის ხოლმე შემოწოლა.. მარა გულის სიღრმეში, მაინც იცი რომ მზე ამოვა ანუ გათენდება და წრეზე იბრუნებ მანამ, სანამ დედამიწის მექანიზმი შენში ღრმადაა გასისხლძვალკანხორცებული.. და ზოგჯერ ისეთი გლობალურმასშტაბური ხდები, რომ მთელი წელი ხარ, თავისი ორივე დროით და არ დაგმართნიათ, რომ შუა აგვისტოში, სიცხე-პაპანაქებაში ზედმეტი მზით გათანგულს უცებ გიგრძვნია, რომ დეკემბერში ხარ ან იანვარში ან ოქტომბერში ან...

ზოგჯერ გრძნობ, რომ უნდა შეწყვიტო
აი ასე
შუა გზაზე
სიტყვის დაღმართში

მერე რა
ანუ
ზოგჯერ უბრალოდ ადრე ღამდება


2 comments: