Friday, November 21, 2008

მეორადი განცდები


ჰხომ ვთქვი...
სხვები უკეთ ამბობენ ჩემს სათქმელს...
საკუთარი სიტყვები არ მაქვს
არც ფრაზები
არც აზრები
მხოლოდ მეორადი...


აი თუნდაც

სხვისას ვიტყვი

ჩემი ზომა სხვისი განცდა მოვირგე...მომერგო....





ადგილი, სადაც ახლა ფეხი დაადგით,
ამ სხეულში შესასვლელია.
ვეღარ შეგიშვებთ.
მკაცრი კონტროლი დავაწესე სტუმრებისთვის,
ინფექცია შემომაპარეს.
დოლბანდიდან ვსუნთქავ ამ ქალაქს.

ტერიტორია დაცულია.

მახსოვს.
კარი რომ ღია დავტოვე,
შემომიცვივდნენ გულში ბოშები. დაანთეს ცეცხლი. იყაყანეს. ჭამეს. დალიეს. აიბარგნენ.
გამურული კედლები დამრჩა.

როცა მეგონა ვთვლემდი, მუცელში ამიშენეს სამხედრო ბაზა – აფეთქების
ხმა დღემდე მესმის. აღმოსავლეთი გადამწვარია.
ცივი ომი გრძელდება ტანში – შუბლზე ოფლია.
გულის და ტვინის გამყოფ ხაზზე დგანან ცისფერქუდიანები.
მოვიდნენ და უკითხავად ააშენეს საბავშვო ბაღიც.
სამხარი.
მაკარონის სუპის სუნი მაჯებზე.
წესით, თეთრი – უცებ ჭრელად გადაღებეს საავადმყოფო. დილაობით საკაცეები
ჭრიალებენ ხერხემალზე.

ეს, რაც დარჩა.
რაც გადარჩა, იმ მიწას ვავლებ ახლა მავთულხლართს.
უკანა კარი მერძევისთვის.
უკანა კარი.
მე დროებით შემოხედვას არ ვკრძალავ.
შაბათობით ნეიტრალურ მონაკვეთში ვმართავ მიღებას.
სამშვიდობო დიალოგი. ჩაი ალუბლით.
და გაცილებთ თავაზიანად.
ვიტოვებ მხოლოდ რამდენიმეს.
მკერდის მანსარდაზე გადავინაცვლოთ.
აქ საშიში არაფერია.
აქ ნდობაა.
როცა თავს მადებ......

No comments: